პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე 9 მარტის ტრაგიკული მოვლენებიდან გასულ 70 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„70 წელი გავიდა 1956 წლის 9 მარტის სისხლიანი მოვლენებიდან. ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი პროტესტი საქართველოში, რაც კი მომხდარა ოდესმე რეჟიმის წინააღმდეგ.
ამ ხნის განმავლობაში, ბევრი რამ დაიწერა, ბევრმა მკვლევარმა იმუშავა საარქივო მასალებზე, რომლის მხოლოდ ნაწილი იყო გასაიდუმლოებული, დანარჩენს კი გასული საუკუნის 2000-იან წლებამდე გრიფი ედო.
მქონდა პატივი, მემუშავა ახლად გასაიდუმლოებულ მასალებზე ეროვნულ არქივში და საზოგადოებისთვის გამეცნო ის დამალული ფაქტები, რასაც არქივის გახუნებული ფურცლები ინახავდა და რაც ნაკლებად იცოდა საზოგადოებამ. საბჭოთა პერიოდის განმავლობაში ყველამ იცოდა, რომ ეს იყო სტალინის კულტისთვის მოწყობილი აქციები 4-9 მარტის დღეებში, რომელიც დაიწყო გორიდან და მოედო საქართველოს ყველა დიდ ქალაქს. ამ დღეების დასასრული კი იყო 9 მარტი და ქართველთა სისხლით შეღებილი „დედაენის“, მაშინდელი სტალინის ბაღი.
ხრუშოვის ანტისტალინურმა პოლიტიკამ დიდი საპროტესტო ტალღა წარმოშვა ქართველ ხალხში. პირველი გამოსვლები დაიწყო გორში, შემდეგ ბათუმში, რაჭაში, ქუთაისში, კახეთში და, ბოლოს, ეპიცენტრი გახდა თბილისი. საბჭოთა „კგბ“, თავდაპირველად, ამ მიტინგებიდან საფრთხეს ვერ ხედავდა, რადგან თვლიდნენ, რომ სტალინელებიც იმავე რეჟიმის მიმდევრები იყვნენ და წითელი დროშის ქვეშ გაერთიანებულ ქართველ ხალხს კომუნისტური იდეოლოგიით მოერეოდნენ. თუმცა, მათი მოლოდინები შეიცვალა, რადგან მომიტინგეთა რიგებში გამოჩნდნენ სულ სხვა იდეოლოგიის ახალგაზრდები.
რატომ დახვრიტეს 1956 წლის 9 მარტის მიტინგი და ვინ იყო „ქეთო“, რომელიც მთავარ საფრთხედ მიიღო საბჭოთა რეჟიმმა? თუნდაც, 70 წლის შემდეგ საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს.
ამის შესახებ მოგვითხრობს არქივში შენახული გაშიფრული სტენოგრამები, რომელსაც აწარმოებდა მაშინდელი უსაფრთხოების სამსახური. ისინი 4-9 მარტის მიტინგებზე ყოველი გამომსვლელის სიტყვას ჩუმად იწერდნენ, ასევე იწერდნენ მომიტინგეთა ჩუმ საუბრებს ერთმანეთში. სწორედ ამ სტენოგრამებში ხშირად გვხვდება ერთი სიტყვა – „ქეთო“, ანუ, მომიტინგეთა გარკვეული ნაწილი ამ კოდურ სიტყვას მიზანმიმართულად იყენებდა.
რამდენიმე დღის განმავლობაში, საბჭოთა „კაგებემ” ვერ შეძლო ამ სიტყვის გაშიფვრა და ეძებდნენ ქალს, სახელად ქეთოს. ფიქრობდნენ, რომ ამ უჩინარ არსებას რაღაც განსაკუთრებული მისია ჰქონდა შესასრულებელი აბობოქრებულ ხალხში.
მოგვიანებით, მათ შეძლეს კოდური სიტყვის გაშიფვრა – ეს იყო ინიციალები – ქართველი ერის თავისუფლების ორგანიზაცია, რომელიც იყო ალტერნატიული სახელი არალეგალური პატრიოტული გაერთიანებისა „გორგასლიანები“. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. სწორედ ამიტომ დაიგეგმა 9 მარტის მიტინგის დახვრეტა და დაიწყეს მუშაობა სტუდენტებში პროვოკატორის საპოვნელად.
„ქეთო“, ანუ „ქართველი ერის თავისუფლების ორგანიზაცია“ დაფუძნებული იყო ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, გურამ დოჩანაშვილისა და სხვა დისიდენტების მიერ.
ეროვნული მოძრაობის მესვეურებს სურდათ, სტალინის სახელის შეურაცხყოფისთვის დაწყებული ბრძოლა, რომელიც ეროვნული თავმოყვარეობის შელახვად მიიღო ქართველმა ხალხმა, საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოეყენებინათ. ისინი იატაკქვეშეთში ბეჭდავდნენ პროკლამაციებს და ჩუმად ავრცელებდნენ ხალხში, აკრავდნენ ხეებზე და რამდენიმემ გაბედა კიდეც სიტყვით გამოსვლა.
ბუნებრივია, რეჟიმი მთელი სისასტიკით ამუშავდა და განახორციელა კიდეც სადამსჯელო აქტი.
კავშირგაბმულობის სასახლესთან სტუდენტისთვის სროლასა და შემდეგ მისი სისხლიანი პერანგის სტალინის ძეგლთან ჩატანას მკვლევრების ერთი ნაწილი დაგეგმილ პროვოკაციად მიიჩნევს, მეორენი კი – დაძაბული პროცესების ბუნებრივ განვითარებად. ფაქტია, სწორედ ამ სტუდენტის სისხლიანი პერანგის ჩატანას სანაპიროზე მოჰყვა საშინელი ვნებათაღელვა და მიტინგის დახვრეტა. როგორც საარქივო მასალები გვამცნობს, დაიღუპა, დაახლოებით, ასამდე კაცი, ხოლო შემდეგი დღეების დაკითხვის ოქმებში დაღუპულთა სავარაუდო ციფრები გაცილებით მეტია…
გადაიქცეოდა თუ არა სტალინის სახელის შეურაცხყოფისთვის დაწყებული საყოველთაო ვნებათაღელვა ეროვნულ მოძრაობად, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, თავისუფლებისთვის მებრძოლი ეროვნული მოძრაობის ლიდერები შანსს არ უშვებდნენ ხელიდან, რათა საბჭოთა მმართველობისგან გამოეხსნათ საქართველო.
1956 წლის 9 მარტიც დარჩა ისტორიას, როგორც სტალინის სახელის შეურაცხყოფისთვის ქართველი ხალხის პროტესტი, რომელიც დახვრიტეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არ გადაექციათ სრულიად ეროვნულ პროტესტად.
9 მარტიდან 9 აპრილამდე დიდი დრო გავიდა და ქართველმა ხალხმა საკუთარი ოცნების ახდენა მხოლოდ ეროვნული კონსოლიდაციის შედეგად შეძლო – არა ერთი ადამიანის სახელის დასაცავად, არამედ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.
დღევანდელი დღე გვახსენებს იმას, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის არასდროს დასრულდება. ისტორია ცდილობს, ისევ გაყიდული ქართველების ხელით, მხოლოდ „პატრონების“ სახელები შეგვიცვალოს, ერი კი ისევ იბრძვის სრული თავისუფლებისთვის“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.




