შალვა პაპუაშვილი სუს-ში მიმდინარე გამოძიების შესახებ: “ვხედავთ ქართველ ყორღანაშვილებს, რომლებიც პირდაპირ თანამშრომლობენ უცხო ძალებთან იმისთვის, რომ შექმნან საბაბები საქართველოზე საინფორმაციო, პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმისთვის”

“ვხედავთ ქართველ ყორღანაშვილებს, რომლებიც პირდაპირ თანამშრომლობენ უცხო ძალებთან იმისთვის, რომ შექმნან საბაბები საქართველოზე საინფორმაციო, პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმისთვის”, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

„ხელისგულზე დევს, რასთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს საინფორმაციო თავდასხმასთან საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული მეთოდი ჰიბრიდული ომისა. პირდაპირ გაწერილია სახელმძღვანელოებში, თუ როგორ იქმნება ყალბი კვაზიმეცნიერული ნაშრომები, ე.წ. კვლევები. პირდაპირ არის ნაბიჯებად გაწერილი, რომ იქმნება ჯერ ყალბი კვლევა, რომლის ტირაჟირება ხდება შემდეგ მედიის მხრიდან, შემდეგ ხდება ამაზე გამოხმაურება და ამით იქმნება აღქმა გარკვეულ ქვეყანასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, საქართველოს წინააღმდეგ გვაქვს პირდაპირი საინფორმაციო ომი, რომლის მონაწილეებად ისახებიან უცხოეთიდან დაფინანსებული აქტორები.

ჩვენ ვხედავთ ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებულ თინა ხიდაშელს, რომელსაც გამოკვეთილი ანტიქართული დღის წესრიგი აქვს – ცდილობს, დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა; ცდილობს, გარე ძალებს შეუქმნას საბაბები საქართველოზე პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმისა. ვხედავთ გიორგი კანდელაკს, რომელიც ასევე უცხოეთიდან დაფინანსებული ადამიანია. ყველა კრიტიკულ მომენტში ის არის ხოლმე პირველი ადამიანი, რომელიც ცდილობს დაბნეულობის შემოტანას საზოგადოებაში; ცდილობს, გარედან დარტყმის ობიექტად აქციოს საქართველო.

შეგახსენებთ: გიორგი კანდელაკი არის ის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წელს, როდესაც უვიზო მიმოსვლას გვაძლევდნენ, დარბოდა დერეფნიდან დერეფანში და ცდილობდა, ჩაეშალა ეს პროცესი.

შეგახსენებთ სამების ტაძარში ხატთან დაკავშირებულ სკანდალს – გიორგი კანდელაკი იყო, რომელიც არაფრისგან შეეცადა, სკანდალი შეექმნა. ჩანს, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც მუშაობს იმისთვის, რათა უცხო ძალებს შეუქმნას საბაბები საქართველოზე თავდასხმისა. ასე რომ, ეს ლუსტრაციაა. ეკა გიგაური, ესტონელი „ენჯეოშნიკი“, ზუსტად ამას აკეთებს.

ვფიქრობ, ვისაც უნდა, იკვლიოს დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის მეთოდები, საქართველოში შეუძლიათ ჩამოვიდნენ და ამაზე დისერტაციები წერონ, თუ როგორ ეხმარებიან ადგილობრივი ყორღანაშვილები უცხო ძალებს იმისთვის, რომ საქართველო გახადონ მათი თავდასხმის ობიექტი. ვნახეთ, პირდაპირ არის სქემა, რომელიც გამოჩნდა. დაიწერა დეზინფორმაციული-პროპაგანდისტული სტატიები. ავტორები არიან ქართველები და საზღვარგარეთ გამოქვეყნდა.

თინა ხიდაშელი, რომელიც რაღაც კვლევებზე საუბრობს, გიორგი კანდელაკი და კიდევ ერთი ქართველი ქალი, რომელმაც ასევე The Hill-ში გამოაქვეყნა სტატია – სამივე ეს ე.წ. კვლევა არის ცრუ კვლევა, რომელმაც უნდა შექმნას საბაბი, რომ აიწიოს საინფორმაციო ხმაური ამასთან დაკავშირებით. გაისმას ბრალდებები საქართველოს წინააღმდეგ. შემდეგ გამოვიდეს ადამიანი და, მართლაც მძიმეა, როდესაც ყოფილი სამხედრო, ჩვენი სამხედრო ძალების ერთ-ერთი ყოფილი მაღალი რანგის ხელმძღვანელი პირდაპირ ეთერში ასახელებს, მისი აზრით, სად იქნებოდა კარგი, რომ ის, ვინც ემტერება ჩვენს ეკონომიკურ ინტერესებს, მიიტანოს დარტყმა.

ასე, რომ ეს არის მთელი სქემა, სადაც ვხედავთ ქართველ ყორღანაშვილებს, რომლებიც პირდაპირ თანამშრომლობენ უცხო ძალებთან იმისთვის, რომ შექმნან საბაბები საქართველოზე სხვადასხვა სახის – საინფორმაციო, პოლიტიკური, თუ სხვა სახის თავდასხმისთვის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციონერების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

გივი თარგამაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში თქვა, რომ საქართველოში ტერორისტების უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.
გიორგი კანდელაკისა და ლუკ კოფის ერთობლივი კვლევა, სათაურით „საქართველოს ირანული შეტრიალება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერ მოკავშირე ქვეყანაში“, ჰადსონის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა. კვლევაში ავტორები ცდილობენ ამტკიცონ, რომ საქართველოში ირანის გავლენები გაიზარდა.

ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ იმ სტრატეგიულ ობიექტებზე ისაუბრა, რომლებიც, შესაძლოა, ირანის სამიზნე გახდეს და მიუთითა, რას იზამდა თავად ირანის ხელისუფლების ადგილზე.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად, მორიგი შეტევა და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს მიმართ – სტატია სათაურით „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“ The Hill-ში გამოქვეყნდა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოში ტერორისტების სკოლა, ე.წ. უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.

უახლესი

საპატრულო პოლიციამ თბილისში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს...

სამართალდამცველებმა, თბილისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით...
spot_img

რეკომენდირებული

spot_imgspot_img